ცენტრალური აზიის უმსხვილესი ეკონომიკა განაგრძობს ტრანსფორმაციას და ეტაპობრივად ამცირებს დამოკიდებულებას ნედლეულზე. ყაზახეთი აქტიურად ავითარებს ეკონომიკის დივერსიფიცირების სტრატეგიას, რომელიც წარსულში ძირითადად ნავთობისა და მინერალური რესურსების ექპორტზე იყო დაფუძნებული და ამჟამად, არასასაქონლო სექტორის განვითარებაში შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს. მთავრობა და ბიზნესი ერთობლივად მუშაობენ იმაზე, რომ ყაზახურმა პროდუქციამ გლობალურ ბაზრებზე უფრო მტკიცე და სტაბილური პოზიციები დაიკავოს.
2024 წელს, ყაზახეთის რესპუბლიკამ საექსპორტო მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა. ქვეყნის საერთო საექსპორტო მაჩვენებელმა 81.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.1%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მაღალი ზრდის დინამიკა დაფიქსირდა არასასაქონლო ექსპორტში, რომელმაც 28.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა - 11.9%-ით მეტი, ვიდრე 2023 წელს, რაც რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება. ამ მიმართულებით ლიდერობენ: მეტალურგია (16.9 მლრდ აშშ დოლარით), საკვები პროდუქტების წარმოება (2.8 მლრდ აშშ დოლარი), მანქანათმშენებლობა (2.2 მლრდ აშშ დოლარი), ქიმიური მრეწველობა (1.9 მლრდ აშშ დოლარი) და ნავთობქიმია (1.5 მლრდ აშშ დოლარი). აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ ყაზახეთი თანმიმდევრულად ქმნის ბაზრის მოთხოვნებზე მიმართულ, თანამედროვე და დივერსიფიცირებული ეკონომიკის საფუძველს.
თუმცა საექსპორტო სტრუქტურაში კვლავ დომინირებენ ნედლეული პროდუქტები, რომლის წილი მთლიანი ექსპორტის 64.7%-ს შეადგენს. მათგან ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მოდის 52.5%, შემდეგია სპილენძი და სპილენძის მადნები - 9%, ხოლო ფეროშენადნობები - 3%. ნედლეულზე მაღალი დამოკიდებულება ქვეყნას მოწყვლადს ხდის გარე ბაზრების რყევებისა და მოთხოვნის ცვლილებების მიმართ. სწორედ ამიტომ, მთავრობამ და ბიზნესმა დაიწყეს ალტერნატიული საექსპორტო მიმართულებების - არასასაქონლო სექტორის გააქტიურება, რაც უზრუნველყოფს როგორც ეკონომიკურ სტაბილურობას, ისე გრძელვადიან მდგრად განვითარებას.
ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება ასევე აღნიშნული სტრატეგიის შედეგია. 2024 წელს, ყაზახურმა პროდუქციამ 120-ზე მეტ ბაზარზე შეაღწია. ტრადიციულ პარტნიორებთან (ევროკავშირი, ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი და უზბეკეთი) ერთად წარმატებით შეიქმნა ახალი ბაზრები, მათ შორის, მავრიტანია, ლაოსი, იამაიკა და გაბონი.
ამ მიღწევებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფო მხარდაჭერის კომპლექსური პროგრამები. ინიციატივა Export Acceleration 2024 უკვე მოიცავს 120 საწარმოს მანქანათმშენებლობის, ქიმიური, მსუბუქი და სურსათის მრეწველობის დარგებიდან. პროგრამის ფარგლებში კომპანიებს მიეწოდებათ სრული მხარდაჭერა: საექსპორტო პოტენციალის ანალიზი და საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში გადამზადება, ბაზრების შერჩევაში დახმარება,პოტენციური პარტნიორების მოძიება, B2B შეხვედრებისა და მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება.
შთამბეჭდავი პროგრესი შეინიშნება ციფრული პლატფორმების განვითარებაშიც - 70-მა ყაზახურმა კომპანიამ მიიღო Gold Supplier სტატუსი პლატფორმაზე Alibaba.com, რაც მათ გლობალურ ბაზრებზე წვდომას აძლევს. განსაკუთრებით გამოირჩევა საკვები პროდუქცია, კერძოდ, მზესუმზირისა და რაფსის ზეთი, შოკოლადი და სხვა ნაწარმი.
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც. ჩინეთის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან საზღვრებზე იქმნება ლოგისტიკური ჰაბები და სავაჭრო ცენტრები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს მზა პროდუქციის ექსპორტს.
გარდა ამისა, QazTrade ყოველწლიურად 450-ზე მეტ კომპანიას უწევს მრავალფეროვან დახმარებას: სუბსიდიების, საექსპორტო კრედიტების, სავაჭრო ოპერაციების რისკების დაზღვევის, გადაზიდვებისა და ლოგისტიკის კუთხით. ასევე, სახელმწიფომ QazTrade-ის ბაზაზე დანერგა ახალი ინსტრუმენტი - ვაჭრობის დაჩქარების პლატფორმა (Boosting), რომელიც ეხმარება კომპანიებს მაღალი კონკურენციის ბაზრებზე მომზადებაში, მაგალითად, ევროკავშირსა და ახლო აღმოსავლეთში გასასვლელად.
ამ სისტემური და მიზანმიმართული საქმიანობის შედეგად, ყაზახეთის ამბიციური გეგმა 2025 წლის ბოლოსთვის ასეთია: არასასაქონლო ექსპორტის მოცულობის გაზრდა 37.7 მილიარდ აშშ დოლარამდე და გადამუშავებული პროდუქციისა და სერვისების ექსპორტის გაზრდა 41 მილიარდ დოლარამდე. ამასთან, ძირითადი მიზანია საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოება და მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის წილის გაზრდა.
ქვეყნის საექსპორტო სტრატეგია დაფუძნებულია სამ ძირითად მიმართულებაზე:
პირველი, ონლაინ ვაჭრობის განვითარება, რაც გულისხმობს საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმების აქტიურ გამოყენებას;
მეორე, სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერება - სუბსიდირების, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და საექსპორტო კრედიტების მეშვეობით;
მესამე, ფოკუსირება მაღალი მარჟის მქონე პროდუქციის წარმოებაზე, რაც მიზნად ისახავს ამ პროდუქციის ექსპორტის გაზრდას.
2024 წლის შედეგები ცხადყოფს, რომ ყაზახეთის ახალი სტრატეგია მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ინსტრუმენტი კი არ არის, არამედ გზა დამოუკიდებლობისკენ გლობალურ ცვლილებებთან მიმართებით და გზა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივი რესურსებით მდიდარმა ქვეყანამ სტაბილური მომავალი შექმნას გადამუშავებული პროდუქციის, ხარისხიანი მომსახურებისა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით.