პარლამენტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების საქმიანობის, ჩატარებული კვლვებისა და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართა, რომლის მიზანიც საკანონმდებლო ორგანოსთვის ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება იყო.
საზოგადოებას ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების რეკომენდაციები გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილმა გააცნო.
მისი თქმით, პარლამენტის და ეკონომიკური კომიტეტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების აქტუალიზაცია უფრო მეტად მოხდეს აღმასრულებელ ორგანოებსა და კერძო სექტორშიც.
"საქართველოში ტურისტების შემოსვლის მიხედვით, ყაზახეთი ყველაზე მზარდი ქვეყნების ხუთეულშია. 2019 წლამდე აღნიშნულის მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 26%-მდე იზრდებოდა. ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ 2 ავიაკომპანია, Air Astana და SCAT-ი დაფრინავდა 3 ქალაქიდან. 2021-ში დაემატა FlyArystan 5 ქალაქიდან, შესაბამისად ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, რომ უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა ავიდეს 0.5 მლნ-მდე, რაც ყაზახეთის გამსვლელი ტურიზმის 5%-ია.
სამწუხაროდ, ბოლო 2 წელია ტურიზმის ბიუჯეტში ყაზახეთი არაა გათვალისწინებული. ამასთან, ჩვენ შეიძლება ყაზახეთიდან გავზარდოთ ტურისტების ნაკადი, მაგრამ შემდეგ ინფრასტრუქტურის ან სხვა სერვისებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ ისევ დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რანგში დაგვტოვოს. ახლა მნიშვნელოვანია ყაზახი ტურისტების პროფილის ზუსტი შეცნობა, იმის გაგება თუ რა სჭირდება ყაზახ ტურისტს. ეს უკვე სამომავლო პოლიტიკაა, უნდა დავგეგმოთ ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომელიც 3-4 წელში ტურისტთა ნაკადს შესაბამის ინფრასტრუქტურას დაახვედრებს," – ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.
TBC Capital–ის კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზიტენციის წარდგენისას აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესანიშნავ პირობებს ქმნის ყაზახი ინვესტორებისა და პარტნიორების დაინტერესებისთვის.
"იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ შეიძლება საქართველო-ყაზახეთს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება, ვფიქრობთ, რომ საჭიროა დავინახოთ ჯერ ეს პოტენციალი, მაგალითად ყაზახეთიდან საკვები პროდუქტების იმპორტის გაფართოების ნაწილში. ასევე, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო გახდეს ჰაბი და ეკონომიკური პარტნიორობა ამ თვალსაზრისით გამოიყენოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ვხედავთ თუ როგორ გაიზარდა საქართველოს როლი სატრანზიტო დერეფანში. ასევე, მნიშვნელოვანია შიდა რეგიონული პოტენციალის გაანალიზება. იმისათვის, რომ ტურიზმი კიდევ უფრო გაძლიერდეს, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის პროფილი კარგად იყოს შესწავლილი, ზოგადი მონაცემები არ არის საკმარისი," – ამბობს ირინა კვახაძე.
გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, რომ პირველი კვლევა 2006-2020 წლის ჩათვლით ჩაატარეს, რომ უკეესად დაენახათ ზოგადად რომელ დარგებში ხდებოდა ინვესტიციების განხორციელება, სად ხდებოდა ვაჭრობა და როგორ იზრდებოდა ტურიზმის დინამიკა.
"ამან საკმაოდ კარგი მიგნებები მოგვცა, დაგვანახა, რომ ფაქტობრივად ყველა მიმართულებით აუთვისებელია შესაძლებლობები, რეალურად კი გვაქვს იმის საშუალება, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ყაზახური კაპიტალის დახმარებით, რაც მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე როგორც საქართველოს მოქალაქე, პირველ რიგში, დაინტერესებული ვარ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ათვისებით, თუმცა ვხედავ, რომ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა ამ ქვეყანასთან იქნება ბევრის მომცემი.
ყაზახური ინვესტივიების დინამიკა დადებითია, მაგრამ არა საკმარისი. ამასთან, საქართველოს სიანვეტიციო კლიმატზე უარყოფით გავლენას ახდენს სასამართლო და საგამოძიებო სტურქტურებში დაგროვილი საკითხები. რაც შეეხება ვაჭრობის შესახებ რეკომენდაციებს, უნდა შემუშავედეს იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც რეალური პოტენციალი აქვს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ან საქართველოს გავლით. რეგიონში არსებული სიტუაციის ფონზე, ყაზახეთმა უკეთესად დაინახა შავი ზღვის აკვატორიაში სასაწყობე მეურნეობების არსებობის აუცილებლობა, საიდანაც შეძლებენ თურქეთთან და მსოფლიოსთან ვაჭრობას. როგორც საქართველო შეიძლება იყოს დასავლეთითვის შუა აზიის ჰაბი, ისივე არის ყაზახეთი შუა აზიის ჰაბი," – აღნიშნავს გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს, რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე ათვისებული და გამოყენებული არ არის.
"შესაძლებლობები ნამდვილად დიდია, განსაკუთრებით დღევანდელ მოცემულობაში, რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე და ამაში ნომერი პირველი ამოცანა, ჩემი აზრით, არის რომ იყოს მაქსიმალური კოორდინირება როგორც ყაზახურ და ქართულ კერძო სექტორს შორის, ასევე სამთავრობო დონეზე.
ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების მიგნებები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, დიდი სამუშაოებია ჩატარებული. ჩვენი მხრიდან დავგეგმავთ თუ როგორ განვავრცოთ, ვიმსჯელოთ ამ საკითზებზე და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები. კომიტეტი მზადაა მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ქართულ-ყაზახური ურთიერთობების განვითარებას," – განმარტავს დავით სონღულაშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კვლევა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების და TBC კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. შექმნილი დოკუმენტი მოიცავს 2021 წლისა და 2022 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.
"ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება" ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, "სილქ როუდ ჯგუფი", "ხალიკ ბანკი საქართველო", "კაპიტოლ ჯგუფი", "ბათუმის ნავთობ ტერმინალი" და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია "ეარ ასტანა" და "რომპეტროლ საქართველო". გაერთიანების გენერალური დირექტორი ნატალია ფედოსეევაა. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.