სიახლეები

ოქტ 22, 2026
ქართული კომპანიები შიმქენთის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე
2026 წლის 22 ოქტომბერს, ყაზახეთის ქალაქ შიმქენთში, გაიმართა IX საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი — Kazakhstan Global Investment Roundtable (KGIR 2026). ფორუმი 2017 წლიდან იმართება და სახელმწიფოსა და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოების დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. წელს ღონისძიებამ პირველად უმასპინძლა შიმქენთმა და 40-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტ ინვესტორსა და ბიზნესის წარმომადგენელს მოუყარა თავი.
 
ფორუმის მთავარი თემა იყო „სტაბილურობიდან ზრდისკენ: ყაზახეთის ახალი საინვესტიციო ციკლი“. პლენარულ სესიას ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი ხელმძღვანელობდა. მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ეკონომიკის მოდერნიზაციის პერსპექტივები, მათ შორის წარმოების გაფართოება, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ენერგეტიკის განვითარება და ნედლეულის გადამუშავების გაღრმავება.
 
ფორუმის ფარგლებში 22 საინვესტიციო შეთანხმება და მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 4.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
 
ღონისძიებას საქართველოდან ესწრებოდნენ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანიების წარმომადგენლები:
გიორგი ჯახუტაშვილი — Capitol Management-ის მმართველი პარტნიორი, ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში;
ლევან სულაბერიძე — Octopus Group-ის დირექტორი;
ლევან ბაღდავაძე — IDS Borjomi Georgia-ს პრეზიდენტი, ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში;
გიორგი აბაშიძე — Tourinvest-ის აღმასრულებელი დირექტორი, ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
მურმან პატარაია — Biodisel Georgia-ს მმართველი პარტნიორი.
 
გაერთიანების წევრი კომპანიების მონაწილეობა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში ხელს უწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ბიზნესკავშირების გაფართოებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენას.