ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025

 

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სახელით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4-5 ივნისს ყაზახეთში, ქალაქ ატირაუში იგეგმება საქართველოს ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ატირაუს ოლქის ადმინისტრაციის თანაორგანიზებით, იგეგმება ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმის ჩატარება. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან (B2B), რაც შესაძლებლობას მოგცემთ დაგეგმოთ ორმხრივი შეხვედრები მსხვილ ყაზახურ კომპანიებთან.
 

ატირაუ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ეკონომიკურ ჰაბს ცენტრალურ აზიაში. რეგიონი არის იმ სამი ყაზახური ადმინისტრაციული ერთეულის შორის (ალმათი, ატირაუ, ასტანა), რომელთა წილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტში აღემატება 10%-ს — ატირაუს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 12.8%-ია. ამასთან, ატირაუ გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს მდებარეობს საქართველოსთან ამ სამ რეგიონს შორის, რაც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ხარჯების შემცირების რეალურ შესაძლებლობას ქმნის.
 

რეგიონი არამარტო ნავთობისა და გაზის მრავალი საერთაშორისო პროექტითაა ცნობილი, არამედ სთავაზობს ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს სხვა დარგებშიც, როგორიცაა ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, გადამუშავება და ტურიზმი. ატირაუ ავითარებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს და სატრანსპორტო დერეფნებს, რომლებიც აკავშირებს ჩინეთს, კასპიის რეგიონს და ევროპას — რაც მას გარდამავალი ჰაბის ფუნქციას ანიჭებს. აღნიშნული განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის რეგიონს სატრანსპორტო და სავაჭრო სექტორის ქართული კომპანიებისთვის.

ასევე, ადგილობრივ ბაზარზე მზარდია მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქციაზე, მათ შორის სურსათზე, ფარმაცევტიკაზე, განათლებისა და პროფესიული გადამზადების სერვისებზე, რაც ფართო შესაძლებლობებს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც. რეგიონული ხელისუფლება კი აქტიურად სთავაზობს უცხოურ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება უზრუნველყოფს  ვიზიტის და B2B შეხვედრების კოორდინაციას. ასევე საინფორმაციო, ლოგისტიკურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. შეხვედრებზე მოწვეული იქნებიან ყაზახეთის კომპანიების წარმომადგენლები თქვენი ინტერესებისა და მოთხოვნილი  სექტორების შესაბამისად. 

 

ფორუმის პროგრამა იხილეთ ბმულზე

  

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით.

გიორგი ბაღდავაძე
ტელ: 595 90 71 01       
ელ.ფოსტა gbagdavadze@kaz.ge