მიმდინარე წლის 20-22 სექტემბერს ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში ყოველწლიური სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სერვისებისა და ტექნოლოგიების გამოფენა "TransLogistica Kazakhstan“ გაიმართა.
გამოფენას 25 წლიანი ისტორია აქვს და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი, ხოლო დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით სიდიდით და მნიშვნელობით მეორე ღონისძიებაა. გამოფენაში ტრადიციულად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ნავსადგურების, რკინიგზების, დიდი და საშუალო სატრანპორტო-ლოჯისტიკური კომპანიების, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ევროპის, მათ შორის ბალტიისპირეთისა და ასევე შუა აზიის ქვეყნებიდან.
სხვა ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გამოფენაში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - ლევან სულაბერიძეც მონაწილეობდა. მან თავის გამოსვლებში ისაუბრა ყაზახური და შუააზიური ტვირთების გადაზიდვისას საქართველოს სატრანპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობებზე, არსებულ პრობლემებსა და განვითარების პერსპექტივებზე.