პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დასრულდა და ოლიმპიური ცეცხლიც ჩაქრა. სპორტსმენები სახლში დაბრუნდნენ, სადაც მათ ზეიმით დახვდნენ და მილოცვებიც მიიღეს. და, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მომხდარის გაანალიზებისა და დასკვნების გამოტანის პროცესი.
ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური გაერთიანება მღელვარებით ადევნებდა თვალს ყაზახეთისა და საქართველოს გუნდების გამოსვლას და ოლიმპიურ თამაშებზე მათი მიღწევების გაანალიზება გადაწყვიტა. სპორტი ხომ არ არის მხოლოდ შეჯიბრი, არამედ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცების პლატფორმაცაა. და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი ქვეყნის სპორტს ბევრი საერთო ნიშანი აქვს. მაგალითად, ყაზახეთსა და საქართველოს ძლიერი ტრადიციები აქვთ ჭიდაობაში და განთქმულნი არიან მძლეოსნებით. ორივე სახელმწიფოში კრივი და ძიუდო პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობაა.
30 წელი ოლიმპიადებზე
საქართველოსა და ყაზახეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების დებიუტი 1996 წელს ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა და მათ მაშინვე იჩინეს თავი. მაშინ საქართველომ ორი მედალი მოიპოვა: ძიუდოში ოქრო და თავისუფალ ჭიდაობაში ბრინჯაო. ყაზახეთმა სამი მედალი მიიღო: ოქრო კრივში, ვერცხლი და ბრინჯაო თავისუფალ ჭიდაობაში.
მთელი ამ წლების განმავლობაში, ქვეყნებმა თავიანთი ეროვნული სპორტული პროგრამების მნიშვნელოვანი პროგრესი და განვითარება აჩვენეს. ორივე ნაკრებისთვის დამახასიათებელია მათი ფოკუსირება ტრადიციულ სპორტის სახეობებზე, როგორიცაა კრივი, ჭიდაობა და ძიუდო. გასული ათწლეულების მანძილზე, საქართველო და ყაზახეთი თანმიმდევრულად აუმჯობესებდნენ თავიანთ პოზიციებს ოლიმპიურ თამაშებზე, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა: ეკონომიკური სირთულეებისა და საერთაშორისო კონკურენციისა. ორივე ქვეყნისთვის ოლიმპიადაზე მონაწილეობა და წარმატება მნიშვნელოვანია ეროვნული სიამაყის გასაძლიერებლად.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებები პარიზში
საქართველოს ნაკრებისთვის XXXIII ოლიმპიური შეჯიბრებები მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა: 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ქვეყანამ მედლების საერთო ჩათვლაში 206 ოლიმპიურ ეროვნულ ნაკრებს შორის 24-ე ადგილი დაიკავა.
«მართალია, სამი წლის წინ ტოკიოში საქართველოს მედლების რაოდენობრივი თვალსაზრისით საუკეთესო შედეგი ჰქონდა - ისინი 8 იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია მედლების ხარისხი და არა რაოდენობა“, - ხაზს უსვამს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი».
საქართველოს ნაკრებში მედლები ასე გადანაწილდა:
• ოქროს მედლები მოიპოვეს: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ.
• ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა.
• ბრინჯაოს მედალი მიიღო მოკრივემ ლაშა გურულმა.
ერთ-ერთი ოქროს მედალი ძიუდოში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოცდაოთხი წლის ლაშა ბექაურმა მოიპოვა. პირველი ოქროს მედალი ლაშამ ტოკიოში 2021 წელს მოიპოვა, ახლა კი პარიზში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ლიდერობა 90 კგ წონით კატეგორიაში. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ლაშა ქართული სპორტის კაშკაშა მარგალიტია.
«ბექაურსა და მურაო სანშიროს შორის ფინალი, უდავოდ, საოცნებო ბრძოლა იყო, რომელმაც პარიზის ოლიმპიური თამაშები დაამშვენა. ქართველი ჯადოქარი მთელი დღის განმავლობაში წარმოუდგენლად მოტივირებული იყო. ვერავინ აკონტროლებდა, ყველაზე საშიში შთაბეჭდილება დატოვა და მზად იყო ისტორიაში შესულიყო. ბექაურის "ოქროს" ერა - ამ ეტაპს თამამად ასე შემიძლია ვუწოდო. წარმატების მიღწევაში ყველაზე მეტად მისი შეუპოვარი ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და მებრძოლი სულისკვეთება დაეხმარა. მისი სიხარული და ემოციები ბევრს შთააგონებდა. ბექაურების ოჯახი ბედნიერია. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ამაყობს და მთელი ქართველი ხალხი ხარობს და ზეიმობს! ჩვენ ეს დიდი შრომისა და თავდადების ფასად შევძელით და გულშემატკივრების ემოციები დავიმსახურეთ!” - ამბობს გიორგი ათაბეგაშვილი.
ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მიღწევები XXXIII ოლიმპიადაზე
ყაზახეთის ნაკრების ყულაბაში პარიზის ოლიმპიადის შედეგების თანახმად 7 მედალია: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო:
• ოქროს მედალოსანი გახდა ძიუდოისტი ელდოს სმეტოვი.
• ვერცხლის მედლები მოიპოვეს ტანმოვარჯიშემ ნარიმან ყურბანოვმა, მოკრივემ ნურბეკ ორალბაიმ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ დემეი ჟადრაევმა.
• ბრინჯაოს მედლები გადაეცათ ძიუდოისტს გუსმან ყირგიზბაევს, მოკრივე ქალს ნაზიმ ყიზაბაის, მსროლელებს ისლამ სატპავეს და ალექსანდრა ლეს.
«ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ყაზახი ძიუდოისტების გამოსვლებს, - ამბობს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, რომელსაც აქტიური კონტაქტი აქვს მსოფლიოს სხვა ძიუდოისტებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან, - და მინდა აღვნიშნო სმეტოვის ოქროს მედალი. ის ბრწყინვალედ თამაშობდა მთელი დღის განმავლობაში, დამსახურებულად გაიმარჯვა და ახალი ფურცელი დაწერა ყაზახეთის სპორტის ისტორიაში. კარგია, რომ ის ჩვენი გუნდის წევრებთან მეგობრობს. ის ჩვენს გუნდთან ერთად თბილისშიც იყო წინასაოლიმპიადო მზადების დროს და ეს ფაქტი, უდავოდ, გვახარებს. ვულოცავთ მას და ჩვენს ყაზახ ხალხს - ჩვენს ერთგულ მეგობრებს!»
შეჯიბრის ბოლო დღეს საქართველოსა და ყაზახეთის ძიუდოისტები მოულოდნელად შეხვდნენ ოლიმპიურ სოფელში, მიულოცეს ერთმანეთს, შემდგომი წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსული ირაკლი კაკალაძე ყარაგანდადანაა, სადაც 37 წელი ცხოვრობდა და ასევე პროფესიონალური კრივით იყო დაკავებული. აი, რას ამბობს ის განვლილ ოლიმპიადაზე: „ორივე გუნდს ვგულშემატკივრობდი და ვუთანაგრძნობდი, რადგან ისინი ჩემთვის ერთნაირად ახლობელი და მნიშვნელოვანია. ყაზახეთში ძალიან ძლიერი კრივია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ოლიმპიადაზე კრივში ყველა დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოვახერხეთ. მაგრამ ეს დროებითია, ყველაფერი უკეთესობისკენ გამოსწორდება, რადგან ჩვენ ძალიან კარგი კრივის სკოლა გვაქვს, მათ შორის ყარაგანდის კრივის სკოლა. ვფიქრობ, ჩვენი ბიჭები მომავალში აუცილებლად აჩვენებენ უკეთეს შედეგებს“.
ამ შეჯიბრების ყაზახმა ჩემპიონმა ელდოს სმეტოვმა მანამდე უკვე ორ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა: 2016 წელს რიო დე ჟანეიროში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2021 წელს ტოკიოში ბრინჯაოს მედალი მიიღო.
„სმეტოვმა დიდი სიხარული მოგვანიჭა - შესანიშნავი სპორტსმენი, რომელმაც დამსახურებულად მიიღო ოქრო და ამით დიდი სიხარული მოუტანა ყაზახეთს. ელდოსი ჩინებული ყმაწვილია, მან ყველაფერს თავისი შრომისა და შეუპოვრობის წყალობით მიაღწია. და ასევე მინდა აღვნიშნო: ძიუდო კარგად ვითარდება ყაზახეთში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ეროვნული ჭიდაობა - კაზაკშა კურესი, რომელიც სპორტის ამ სახეობის მსგავსია. შესაბამისად, ყაზახ სპორტსმენებსაც კარგი შედეგები აქვთ ძიუდოში“, - აღნიშნა ირაკლი კაკალაძემ.
განუწყვეტლივ მწვერვალებისკენ!
ორივე გუნდის წარმატებების მიუხედავად, წარუმატებლობა და იმედგაცრუება აჩვენებს, ქვეყნებს მოუწევთ ამოცანების გადაჭრა მათთვის ტრადიციულად ძლიერ სპორტის სახეობებში შედეგების გასაუმჯობესებლად.
საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების ყველა მიღწევა კი ხაზს უსვამს სპორტსმენების მომზადების მაღალ დონეს და მათ მისწრაფებას მსოფლიო ასპარეზზე წარმატების მიღწევისაკენ.