ანგარიშები

აპრ 27, 2021
რა პრობლემებს აწყდებიან ყაზახი ინვესტორები საქართველოში

2005 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ყაზახეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, ჯამში, 259 მლნ დოლარი შემოვიდა. ინსტიტუციური და კერძო კომპანიები წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტირებისას სხვადასხვა დარგით ინტერესდებიან.

ორ ქვეყანას შორის საქმიანი კავშირები და ყაზახური კაპიტალის ქვეყანაში შემოდინების საკითხები Forbes Talks-თან ინტერვიუში ყაზახეთის საპატიო კონსულმა, საინვესტიციო კომპანია Capitol Group-ის ხელმძღვანელმა გიორგი ჯახუტაშვილმა შეაფასა.

„საქართველოს სჭირდება ყაზახეთთან ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება და ყაზახეთს უბრალოდ ვაინტერესებთ“, - აღნიშნა მან ინტერვიუში.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის ყაზახეთიდან საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების ნაშთი 160 მლნ დოლარია, რითაც მულტიპლიკაციის ეფექტით 700 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტებია განხორციელებული. ინვესტიციები თავმოყრილი იყო ბათუმის პორტში, ნავთობკომპანია „რომპეტროლში“, „ჰალიკ ბანკში“ და „ეარ ასტანაში“. მისივე თქმით, ნაციონალურ ინვესტიციებს შემდგომში კერძო კაპიტალი მოჰყვა.

„ყაზახეთის საინვესტიციო პოტენციალი შეგვიძლია დავყოთ 2 ნაწილად: ინსტიტუციური - სახელისუფლებო, ნაციონალური კომპანიებია, რომლებსაც საქართველო, ძირითადად, ლოგისტიკური ფუნქციებიდან გამომდინარე აინტერესებთ, რაც ევროპის მიმართ შუა კორიდორის გამოყენების ათვისებას ნიშნავს. მათი ძირითადი პროდუქტი წიაღისეული და ხორბალია, რომელიც თურქეთს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს სჭირდება. საქართველო ის ერთ-ერთი ალტერნატიული ხაზია, რომელიც მათ გეოპოლიტიკური საჭიროებებისთვის ესაჭიროებათ.

მეორე ნაწილი კი კერძო კომპანიებია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ყაზახურმა ავიაკომპანია „ეარ ასტანამ“ საქართველოში შვილობილი დაბალბიუჯეტური კომპანია „ფლაი არისტანის“ ფრენები დაამატა, რაც ყაზახეთიდან ტურისტების შემოდინებას გაასამმაგებს. თუ ხელი შევუწყვეთ და ინვესტორებს ის ბარიერები მოვუხსენით, რომელიც საქართველოს საინვეტიციო გარემოს ახლავს, ამას მოჰყვება ეკონომიკური ეფექტი ვაჭრობასა და უძრავი ქონების ინვესტიციებში“, - განმარტავს ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში.

კითხვაზე - რა სირთულეებს აწყდებიან ყაზახი ინვესტორები საქართველოში პროექტების განხორციელებისას, გიორგი ჯახუტაშვილი პასუხობს, რომ უმთავრეს პრობლემას „ბუნდოვანი სასამართლო სისტემა“ და ბიუროკრატია წარმოადგენს. ამის მაგალითად კი ჯახუტაშვილის ხაზახური ინვესტიციით თბილისში, ავლაბარში მშენებარე სასტუმროს პროექტი მოჰყავს.

„სასამართლო სისტემა აბსოლუტურად ბუნდოვანია და ეს ყველა ინვესტორს აფრთხობს, როგორც კერძოს საშუალოს და მცირეს, ასევე მსხვილს და ინსტიტუციურს. აბსოლუტურად გაუგებარი და უპროგნოზოა სასამართლო სისტემის ვადები. ჩვენ მწარე გამოცდილება გვქონდა. 2017 წელს სასტუმროს ასამოქმედებლად შევიძინეთ მიწა ავლაბარში. პროექტის განხორციელებაზე ინვესტორს 2 მლნ ლარი ჰქონდა დახარჯული, როდესაც სრულიად უსაფუძვლო მიზეზით მეზობელმა მერიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და დავის უზრუნველსაყოფად ჩვენი მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. მშენებლობა დიდი პერიოდით გააჩერეს. ინვესტორი კი სვამდა კითხვას - რა ვადებში დასრულდებოდა დავა. მან პროექტში 10 მლნ დოლარის ინვესტირება გადაწყვიტა, თუმცა მეტი კაპიტალის მობილიზებისგან თავი შეიკავა და მისი თქმით, საქართველოში ინვესტირების რეკომენდაციას ვერც სხვას გაუწევდა. დავა 2 წლის შემდეგ დასრულდა, ეს ინვესტიცია განხორციელებულია და სექტემბრისთვის სასტუმროს ამოქმედებას გეგმავს.

ასევე ხელისშემშლელია საჯარო სექტორში არსებული ბიუროკრატია. საჯარო სტრუქტურები  საქმით არიან გადატვირთულები. ბევრი საჯარო მოხელე გულწრფელად მოგისმენს, გაითავისებს პრობლემას, თუმცა გადატვირთული რეჟიმის გამო საკითხის წინსვლა არ ხდება“, - განმარტავს გიორგი ჯახუტაშვილი.

მისი თქმით, მარტის ბოლოს დაფუძნებული ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება და საქართველოში 2014 წლიდან მოქმედი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საინვესტიციო კომპანია Capitol Group-ი ქვეყანაში ყაზახი ინვესტორების შემოსვლის გზამკვლევ ფუნქციას ასრულებენ.

„ჩვენთვის, ვინც საქართველოს ბიზნესგარემოს ვიცნობთ და გამოცდილება გვაქვს, ბარიერების გადალახვა, თუნდაც სწრაფი კომუნიკაციით უფრო შესაძლებელია, მაგრამ ის, ვინც ბაზარზე შემოდის და არ ჰყავს გზამკვლევი, მისთვის აბსოლუტურად ბუნდოვანი და სირთულეებით სავსე გზა არის... თუ ფეხი დაუცდა და გარკვეული ინვესტიცია გააკეთა, ნეგატივით ავსებს გარშემომყოფებს, თუმცა თუ გაუმართლა და გზამკვლევი დახვდა, პოზიტივით ივსებიან. ჩვენ სწორედ ამ ფუნქციას ვითავსებთ“, - აცხადებს ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში.