ქალაქ ფოთში, "ხალიკ ბანკი საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი სს „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონ აშშ დოლარია. მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80 000 კონტეინერზე მეტი იქნება. ამასთან, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - მურზალინ მალიკ კენესბაევიჩი; ასევე, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში - გიორგი ჯახუტაშვილი, ლევან ბაღდავაძე, ირაკლი კაკალაძე, გიორგი აბაშიძე, გოჩა ჩხაიძე და იზბასტინ თემირტაი რიმტაევიჩი.