სიახლეები

სექ 14, 2026
შეხვედრა VQ Business Club Kazakhstan
9 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეფრაფში“, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და VQ Business Club Kazakhstan-ის წევრების შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, ტექნოლოგიების, ნავთობისა და გაზის, სამთო ინდუსტრიის, მშენებლობის, საინჟინრო მომსახურების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, კოსმეტიკის, ტექსტილისა და მოდის, ასევე საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით.
 
შეხვედრის ფარგლებში VQ Business Club-ის წევრები გაეცნენ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ერთობლივი ბიზნესპროექტების განვითარების პერსპექტივები.
 
დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ლოგისტიკა და ორ ქვეყანას შორის სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებული გამოწვევები. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ლოგისტიკური სირთულეები კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება როგორც ყაზახური, ისე ქართული ბიზნესისთვის და გავლენას ახდენს სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და ახალი ბიზნესკავშირების განვითარებაზე. ამ მიმართულებით ეფექტიანი გადაწყვეტილებების მოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისებისა და საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო ნაკადების ზრდისთვის.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი. VQ Business Club-თან თანამშრომლობა საინტერესოა როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისთვის, ისე ქართული ბიზნესისთვის. კლუბის წევრების საქმიანობის სფეროების მრავალფეროვნება თანამშრომლობისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის — მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციების, მომსახურების, ტექნოლოგიების, განათლების, სამშენებლო სექტორის, ენერგეტიკისა და სამთო ინდუსტრიის, მოდისა და კოსმეტიკის მიმართულებით.
 
ქართული კომპანიებისთვის მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ყაზახეთის ბაზარზე ახალი პარტნიორების მოძიების, პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტის, ერთობლივი პროექტების განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით. VQ Business Club არის ყაზახური ბიზნესსაზოგადოება, რომელიც 2018 წლიდან 200-ზე მეტ მეწარმეს, ბიზნესის მფლობელსა და მსხვილი და მცირე კომპანიების ხელმძღვანელებს აერთიანებს. კლუბის საქმიანობა ეფუძნება ბიზნესსაზოგადოების განვითარებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების შექმნას. 
 
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის ბიზნესმისიების, B2B შეხვედრებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.